English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
ბანკები და „კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება“ პოსტკომუნისტურ საქართველოში

პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდი დროის ის მონაკვეთია, რომელშიაც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური („სოციალისტური) ეკონომიკა კაპიტალისტურ სისტემად ტრანსფორმირდება. „კაპტალის თავდაპირველი დაგროვება“ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. საქართველოში საბანკო სისტემა აქტიურად იყო ჩართული სისტემური გარდაქმნების პროცესში. აუცილებელია რეტროსპექტული ანალიზის ჩატარება, რათა პასუხი გაეცეს ბევრ საჭირბოროტო კითხვას: როგორ იქმნებოდა ახალი ქართული კაპიტალი? რა გზებით მოხდა საზოგადოების მცირე ნაწილის გამდიდრება, ანუ „ახალი ქართველების“ გაჩენა და მოსახლეობის ძირითადი მასის გაღარიბება? სად წავიდა საბჭოთა პერიოდში მეანაბრეთა მიერ შემნახველი ბანკებისათვის მიბარებული ფული? ვის ხელში გადავიდა საერთო-სახალხო (სახელმწიფო) საკუთრების უდიდესი ნაწილი? ვინ და რამ გაძარცვა ქართველი მეანაბრეები?

ბოლო ხანებში ძველი ანაბრებისა და ყოფილი სახელმწიფო ბანკების პრივატიზების ირგვლივ დისკუსია შენელდა, ბანკებისათვის მიბარებული ფულის რაიმე ფორმით უკან დაბრუნების იმედი კი ჩაქრა. თუმცა, აღნიშნული პრობლემები კვლავ აქტუალურია თუნდაც ბანკების ირგვლივ განვითარებული დისკუსიის კონტექსტით.

საკვანძო სიტყვები: პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაცია; „კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება“; ბანკების პრივატიზაცია; მოსახლეობის ანაბრები; მოსახლეობის ქონებრივი დიფერენციაცია; სოციალური სამართლიანობა.

შესავალი

წინამდებარე სტატიას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების ერთი, ვფიქრობ, საინტერსო ეპიზოდი დაედო საფუძვლად. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უაღრესად გამწვავდა წინააღმდეგობა მმართველი პარტიის - „მოქალაქეთა კავშირის“ ძირითად ნაწილსა და მისგან გამოყოფილ ერთ ჯგუფს შორის - სააკაშვილი-ჟვანიას ე.წ. „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ დაჯგუფებამ დაიწყო მოქალაქეთა კავშირისა და მისი თავმჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტის ე. შევარდნაძის მკაცრი კრიტიკა. ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით კრიტიკა კონცენტრირდებოდა ორ პრობლემაზე: მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების გადაუდებელ აუცილებლობაზე და მოქალაქეებისათვის კუთვნილი ანაბრების დაბრუნებაზე. დისკუსიები იმართებოდა პარლამენტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ერთ-ერთი ხმაურიანი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზეც შედგა. ასეთი მწვავე ბატალიების პირობებში ერთ დღეს დამირეკა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეკონომიკური რეფორმების დარგში, თ. ბასილიამ და მამცნო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნილიყო 1990-იანი წლების დასაწყისში მოქალაქეთა შემნახველი ანაბრების გაუფასურების შემსწავლელი კომისია, რომლისთვისაც, დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით, მე უნდა მეხელმძღვანელა. კომისიაში ასევე შევიდნენ 1990-იანი წლების დასაწყისისათვის სახელმწიფო ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელი პირველი პირები: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრემიერი ეკონომიკის დარგში და სხვები. მათ ამ დროს უკვე აღარ ეკავათ ეს თანამდებობები. შევუდექი რა დავალების შესრულებას, თავდაპირველად შევხვდი კომისიის ყველა წევრს და შევთავაზე მუშაობის დაწყება, რაზედაც უკლებლივ ყველასგან კატეგორიული უარი მივიღე. შექმნილი ვითარების თაობაზე ვაცნობე პრეზიდენტს და მისგან მივიღე ახალი დავალება, რომ დამოუკიდებლად შემესწავლა პრობლემა და მომემზადებინა მოხსენებითი ბარათი. საკმაოდ ხანგრძლივი შრომის შედეგად შევქმენი ასეთი დოკუმენტი და გავუგზავნე ბ-ნ ე. შევარდნაძეს, თუმცა მისგან გამოხმაურება არ ყოფილა და ჩემთვის დღემდე უცნობი დარჩა ამ დოკუმენტის ბედი.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, თვრამეტი წლის შემდეგ მიზანშეწონილად ჩავთვალე მოპოვებული მასალის საფუძველზე სტატიის  დაწერა, რომელიც შესაძლებელია საინტერესო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მკითხველთა იმ წრისათვის, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში 1990-იანი წლების დასაწყისში და შუა პერიოდში განვითარებული პროცესები აინტერესებს.

ბანკები და ანაბრები პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე

პოსტკომუნისტური გარდამავალი ეკონომიკა წარმოიშვა „სოციალისტური“ საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის დაშლის შედეგად [1;გვ.18-20].

საბჭოთა საქართველოში ფუნქციონირებადი სამეურნეო სისტემა ერთიანი „სახალხომეურნეობრივი“ კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იყო და ერთი ცენტრიდან იმართებოდა. ზუსტად ასევე, საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულებები, ფაქტობრივად, სსრ კავშირის საბანკო სისტემის ფილიალები იყო და მხოლოდ სალაროს ფუნქციის შესრულება ევალებოდა.

1987 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის დარგობრივი პრინციპის გაძლიერების ფონზე განხორციელდა საბანკო სისტემის სპეციალიზაცია ცალკეული დარგების მიხედვით. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის მომსახურე-აგრობანკი, ექსპორტ-იპორტის ბანკი („ექსიმბანკი“), რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ემსახურებოდა, სოციალური სფეროს მომსახურე შემნახველი ბანკი („შემბანკი), მშენებლობის მომსახურე სამშენებლო ბანკი („მშენბანკი“), ბიუჯეტის მომსახურების ფუნქცია კი დაეკისრა ცენტრალურ ბანკს.

1990 წელს საქართველოში დაიწყო დამოუკიდებელი, წინა სისტემისგან პრინციპულად განსხვავებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა, რომელიც, ბუნებრივია, საბანკო სისტემის ძირეულ შეცვლას მოითხოვდა. ყოფილ მეტროპოლიასთან მწვავე დაპირისპირების გამო საქართველოს საბანკო სისტემა იმთავითვე იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეწყდა ნაღდი ფულის - მანეთის მოწოდება და საქართველოს ეკონომიკა დარჩა მხოლოდ იმ ნაღდი ფულის ამარა, რომელიც მიმოქცევაში იყო შემორჩენილი. ამავე დროს საქართველოს ბანკებში მილიარდობით მანეთის ანაბარი ირიცხებოდა, რომელიც მოსახლეობას ათწლეულების მანძილზე საკუთარი დანაზოგების სახით საბჭოთა ბანკებში შეჰქონდა.

ამგვარად, დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ ქართულ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების უზარმაზარი ვალი აღმოაჩნდა, რომლის მოცულობა 13 მლრდ მანეთს შეადგენდა [2;გვ.28]. მანეთის აშშ დოლართან ოფიციალური კურსი იყო 1 მანეთი - 62-64 ცენტი. ნაღდი ფულის უმწვავესი დეფიციტის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა მეანაბრეების მიერ ბანკებიდან საკუთარი დანაზოგების გატანა.

საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ერთიანი სისტემის დაშლის შემდეგ, რომელშიაც აკუმულირებული იყო მოსახლეობის ანაბრების უმეტესი ნაწილი, სავალო ვალდებულებები გადავიდა საქართველოს შემნახველ ბანკზე, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 16 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო-კომერციული შემნახველი ბანკის სტატუსი მიენიჭა.

1991-1992 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, დაიწყო დოლართან შედარებით მანეთის მკვეთრი გაუფასურება, რამაც მოსახლეობაში წარმოშვა ბანკებში მანეთებზე რიცხული ფულის მასობრივი გამოტანისა და დოლარებზე გადასვლის დაუოკებელი სურვილი, რომლის შესრულებაც შეუძლებელი აღმოჩნდა როგორც დოლარების, ისე მანეთების ფიზიკურად არარსებობის გამო. ამან კიდევ უფრო გააუფასურა ფული და ინფლაცია ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა [1;გვ.22].

1992 წლის ზაფხულში საქართველოს ეროვნული ბანკის წინადადებით გადაწყდა სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში 1992 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ანაბრებზე რიცხული თანხების 50 პროცენტით აფასება (ინდექსაცია). შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გამოსცა დადგენილება „საქართველოს მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ“ [3]. ამ დადგენილების თანახმად, ანაბრების აფასების თანხები სპეციალურ ანგარიშებზე უნდა ჩარიცხულიყო და 1,5 წლის შემდეგ უნდა ანაზღაურებულიყო ბიუჯეტის ხარჯზე. ინდექსაციის შედეგად ანაბრებზე რიცხული თანხები 19 მლრდ მანეთამდე გაიზარდა. საყურადღებოა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი „საქართველოს მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ“ [4], რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში 1992 წლის აგვისტოს მდგომარეობით ანაბრებზე რიცხული თანხების 100%-ით გაზრდას. ამ დადგენილების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ერთდროულად „ორი კურდღლის დაჭერას“ ცდილობდა: ნაღდი ფულის უმწვავესი დეფიციტიდის პირობებში მოქალაქეების ხელში არსებული ფულის ნიშნების საბანკო არხებში მოქცევას და მოსახლეობის კეთილგანწყობილების მოპოვებას. ანაბრების გაზრდილი თანხების გაცემა უნდა მომხდარიყო ერთი წლის შემდეგ. უფრო ადრე მეანაბრეებს უფლება მიეცა ინდექსირებული თანხები გამოეყენებინათ საპრივატიზაციო ობიექტების უნაღდო ანგარიშსწორების წესით შესაძენად.

საქართველოს ეკონომიკაში ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაში შექმნილი უმძიმესი სიტუაციის გამოსასწორებლად გადაწყდა ეროვნული ვალუტის სუროგატის - კუპონის შემოღება, რითაც უნდა მოგვარებულიყო ხელფასების, პენსია-დახმარებების და სხვა ფულადი გასაცემების ხანგრძლივვადიანი დავალიანების პრობლემა. კუპონი 1993 წლის 5 აპრილიდან იქნა გაშვებული მიმოქცევაში. თანაფარდობა კუპონსა და მანეთს შორის შეადგენდა 1:1. კუპონის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელება. საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის უნაღდო ანგარიშსწორება კვლავ მანეთებში ხდებოდა. მიმოქცევაში არსებული მანეთების მასა მთლიანად მიემართებოდა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მომსახურებაზე. ეროვნულმა ბანკმა მკაცრი კონტროლი დააწესა მანეთებში ფულის გაცემაზე. მისივე გადაწყვეტილებით საცალო სავაჭრო, საზკვების, საყოფაცხოვრებო მომსახურების და სხვა მუდმივი შემოსავლების მქონე ორგანიზაციების მანეთებში შემოსული თანხები მთლიანად უნდა შეტანილიყო საბანკო დაწესებულებებში, ხელფასების გაცემა კი კუპონებში უნდა მომხდარიყო. ორგანიზაციებს დაევალა ორი - სამანეთო და საკუპონე უწყისების წარმოება, საბანკო დაწესებულებებში კუპონებისა და მანეთების აღრიცხვა ასევე ცალ-ცალკე ხდებოდა.

განვლილი წლების გადასახედიდან აშკარაა, რომ კუპონის შემოღება იძულებითი ღონისძიება იყო, რომელსაც ქვეყანა სრული ეკონომიკური კრახისგან უნდა ეხსნა. სამწუხაროდ, კუპონის მიმართ სამთავრობო წრეებისა და საზოგადოების დამოკიდებულება არ იყო ამ ეგზისტენციური აუცილებლობის ადეკვატური, რის გამოც კუპონმა ნდობა ვერ მოიპოვა [6;გვ.50] და მალევე დაიწყო მისი სწრაფი ტემპებით გაუფასურება. 1993 წლის აპრილში ერთი კუპონი უდრიდა 1 რუსულ რუბლს. ერთი აშშ დოლარი უდრიდა  684 რუსულ რუბლს და, შესაბამისად, 684 კუპონს. იმავე წლის 7 აგვისტოს პირველი ვაჭრობა შედგა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, სადაც დაფიქსირდა აშშ დოლარის კურსი კუპონის მიმართ: 1 USD=5690 კუპონი. 1994 წლის შემოდგომისთვის 1 აშშ დოლარი ოფიციალურად 2,5 მლნ კუპონი ღირდა, ხოლო საბაზრო გაცვლითი კურსი 5,4 მლნ კუპონს უდრიდა [6;გვ.51]. „1993-1994 წლებში ინფლაცია თვეში საშუალოდ 50-70 %-ს აღწევდა. ამ დროს კუპონით მხოლოდ კომუნალური მომსახურების გადახდა და პურის ყიდვა შეიძლებოდა“ [იგივე წყარო; გვ.52].

მაღალი ინფლაცია, რომელიც შემდგომში ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა, უარყოფითად ზემოქმედებდა მოსახლეობის ანაბრებზე. ანაბრების ინდექსაცია მცირეოდენ საკმარისიც არ აღმოჩნდა მოქალაქეთა დანაზოგების დასაცავად. მაშასადამე, 1992-1994 წლებში განხორციელდა მოსახლეობის საკუთარი დანაზოგებიდან „გაუცხოების“ პირველი ეტაპი, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღარიბების გზაზე.

1994 წლის შემოდგომიდან საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაიწყო ეკონომიკის სტაბილიზაციის საშუალოვადიანი პროგრამის განხორციელება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ჰიპერინფლაციის მოთოკვა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღება. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. კუპონის ლარზე გაცვლის კურსი განისაზღვრა: 1 მლნ კუპონი - 1 ლარი. ამავე თანაფარდობით გაანგარიშდა ბანკებში ანაბრებზე არსებული ნაშთები. 1 აშშ დოლარი 1,3 ლარს შეადგენდა. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლარის კურსი სტაბილური იყო, რის გამოც „მოსახლეობამ ლარი მიიღო, რომელმაც ბრუნვიდან კუპონთან ერთად რუსული რუბლიც გამოდევნა“ [6;გვ.54].

შექმნილ პირობებში, ვფიქრობთ, შესაძლებელი იყო მოსახლეობის ანაბრების მიმართ რამდენიმე მიდგომის შემუშავება. პირველ მათგანს პირობითად შესაძლებელია „ბალტიისპირული ვარიანტი“ ვუწოდოთ. ამ ქვეყნებში მთავრობამ ღიად განუცხადა მოსახლეობას, რომ საბჭოთა პერიოდის ანაბრების დაბრუნება ვერ მოხერხდებოდა და ეს იყო „თავისუფლების მოპოვებისთვის მათი მხრიდან გაღებული საფასური“. მეორე ვარიანტის მიხედვით შესაძლებელი იყო გარკვეული თანაფარდობით მოსახლეობის ანაბრების საპრივატიზაციო ვაუჩერებზე გაცვლა და ამ უკანასკნელის  გამოყენება ყოფილი სახელმწიფო ქონების გამოსყიდვის პროცესში. საქართველოში უპირატესობა მიენიჭა მესამე ვარიანტს. კერძოდ, 1997 წლის 8 დეკემბერს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმის და მისი განხორციელების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც ანაბრებზე რიცხული თანხების რაოდენობა განისაზღვრა კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების თარიღის  მდგომარეობით (1993 წლის 3 აგვისტო). 1998 წლის 22 აპრილს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ [6]. სპეციალური სახელმწიფო კომისიის, რომელსაც იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობდა, ძირითად ამოცანად განისაზღვრა ანაბრების ინდექსაციის დაწყების ვადის განსაზღვრა, თანხების დაფარვის გრაფიკის შემუშავება და ინდექსირებული თანხების გაცემის რიგითობის დადგენა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 30 აპრილის ბრძანებით [7]. დამტკიცდა ინდექსირებული თანხების პირველი ჯგუფის ინვალიდ მეანაბრეებზე პირველ რიგში გაცემა. ბრძანებაში იმავე წლის 7 სექტემბერს შეტანილი იქნა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა ინვალიდი ბავშვებისა და მათი მშობლების (მეურვეების) ანაბრების ანგარიშებიდან თანხების გაცემას. ინდექსაცია შეეხო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 22 ივლისის დეკრეტის შესაბამისად [8] 1992 წლის 10 აგვისტოსათვის 100%-ით გაზრდილი ანაბრების ნაშთებს. განისაზღვრა დავალიანების ანაზღაურება შემდეგი კოეფიციენტების გათვალისწინებით:

01.01.1992წ. - პირველ ათას მანეთზე  100 ლარი, დანარჩენ ყოველ 1000 მანეთზე (კუპონზე) 10 ლარი;

01.01.1993წ. - პირველ ათას მანეთზე 10 ლარი, დანარჩენ ყოველ 1000 მანეთზე (კუპონზე) 2 ლარი;

03.08.1993წ. - პირველ ათას მანეთზე 2 ლარი, დანარჩენ ყოველ 1000 მანეთზე (კუპონზე) 1 ლარი.

1998 წლის ბიუჯეტში გამოიყო 5 მილიონი ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი (4 მლნ 134 ათას 559 ლარი) ჩაერიცხა გაერთიანებულ ქართულ ბანკს („გქბ“) მენაბრეების ვალის გასასტუმრებლად.

ამრიგად, 1998 წელს სახელმწიფომ გამოავლინა ნება და განახორციელა ანაბრების ძალიან მცირე ნაწილის გასტუმრება. შემდგომში, მოსახლეობის მხრიდან მრავალრიცხოვანი მოთხოვნის მიუხედავად, მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ჰქონია.

მოსახლეობის მკვეთრი ეკონომიკური დიფერენციაცია და ბანკების პრივატიზების როლი ამ პროცესში

საბჭოთა საზოგადოება სოციალური თანასწორობის მაღალი დონით გამოირჩეოდა. მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი საშუალო ფენას მიეკუთვნებოდა, ღარიბთა კატეგორიაში კი შედიოდა საზოგადოების მხოლოდ  ყოველი მეთერთმეტე-მეთორმეტე წევრი.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში „შოკური თერაპიის“  მოდელის გამოყენებამ, რომელიც სამოქალაქო კონფლიქტების, კრიმინალის აღზევების, სახელმწიფო მართვის სისტემის თითქმის სრული პარალიზების პირობებში წარიმართა, მოსახლეობის მკვეთრი სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაცია გამოიწვია. ასე მაგალითად, თუკი 1980-იანი წლების ბოლოს მოსხლეობის დეცილური კოეფიციენტი დაახლოებით იყო 4:1, 1996 წლისათვის მან შეადგინა 45:1, ფულადი შემოსავლების მიხედვით კი განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა [2;გ ვ.26]. იმავე 1996 წლისათვის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით სიღარიბეში ცხოვრობდა საქართველოს მოსახლეობის 42% [9;გვ.18].

პოსტკომუნისტურ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკაზე გადასავლისათვის დამახასიათებელი იყო მოსახლეობის ქონებრივი და სხვა სახის დიფერენციაცია. თუმცა, არც ერთ მათგანში მოსახლეობის ძირითადი მასა ისე სწრაფად და ტოტალურად არ გაღარიბებულა, როგორც ეს მოხდა საქართველოში. კეთილდღეობის საერთო მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს დაგროვილი ქონების ელემენტების ამორტიზაციისა და მიმდინარე შემოსავლების მოხმარების ჯამს, დაახლოებით 10-12 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა, ხელფასის წილი შემოსავლების საერთო მოცულობაში 70-75%-დან 22-25%-მდე დაეცა [1;გვ.27].

საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური დიფერენციაციის უკიდურესად  გაღრმავებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ვაუჩერიზაციის წესით სახელმწიფო (საერთო-სახალხო) საკუთრების განსახელმწიფოება-პრივატიზებამ. ფაქტობრივად, განხორციელდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ჩამოშორება საკუთრებისაგან, რაც შეიძლება ჩაითვალოს ხალხის საკუთრების მიტაცების მეორე ეტაპად (პირველი ეტაპი 1990-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა მოსახლეობის ანაბრების ტოტალური გაუფასურების სახით). ცნობილი ქართველი სტატისტიკოსის ი.არჩვაძის გაანგარიშებით, 1990-იანი წლების დასაწყისისათვის ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე (ბუნებრივი რესურსების, ტყის მასივების და სავარგულების ღირებულების გარეშე) 180 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან 112 მლრდ აშშ დოლარის ეროვნული სიმდიდრე სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფებოდა. ამ საკუთრების თუნდაც 10%-ის პრივატიზების შემთხვევაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეხვედროდა თითქმის 2,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქონება [1;გვ.28-29].

თუმცა, ეროვნული სიმდიდრის უდიდესი ნაწილის, ცალკეული დარგების ძირითადი ფონდებისა და კაპიტალურ დაბანდებათა არასწორი გადაფასების ინდექსაციის შედეგად საპრივატიზებო ქონების ღირებულება შეგნებულად იქნა შემცირებული და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ერგო 30 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ვაუჩერი. მოსახლეობის სიდუხჭირის მანიპულაციით ბანკებმა, ხელისუფლების კორუმპირებულმა წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ჯურის თაღლითებმა შეძლეს არაორგანიზებულ ბაზარზე ვაუჩერის რეალური ფასის 4-5 ლარამდე შემცირება და მათი მასობრივი შესყიდვები განახორციელეს [10;გვ.106].

სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოების ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო საბანკო სფეროში განხორციელებული პრივატიზება, რომელზედაც უფრო დაწვრილებით შევჩერდებით. საბაზრო რეფორმების საწყის პერიოდში საქართველოში  ფუნქციონირებდა სამსაფეხურიანი საბანკო სისტემა: ეროვნული ბანკი - სახელმწიფო კომერციული ბანკები - კომერციული ბანკები. მოუწესრიგებელი საბანკო კანონმდებლობის, ბანკების ლიცენზირების სუსტი ადმინისტრირებისა და საწესდებო კაპიტალის მცირე მოცულობის გამო ე.წ. „კომერციული ბანკების“ რაოდენობა ქვეყანაში ძალიან სწრაფად იზრდებოდა, რაც განაპირობებდა საბანკო სისტემის უკიდურეს არამდგრადობას.

დაიწყო სამსაფეხურიანი საბანკო სისტემიდან ორსაფეხურიანზე - ეროვნული ბანკი - კომერციულ ბანკებზე გადასვლა. ამ პროცესის მიმდინარეობისას გაერთიანდა რამდენიმე სახელმწიფო-კომერციული ბანკი (ყოფილი „მშენბანკი“ ანუ „ინდუსტრიაბანკი“, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ბანკი („ექსიმბანკი“) და საპაიო-კომერციული ბანკი (ყოფილი „შემბანკი“), იმჟამად კი - „ახალი ქართული ბანკი“) და შეიქმნა ერთი კომერციული საბანკო დაწესებულება - „გაერთიანებული ქართული ბანკი“, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა 1995 წლის 19 მაისს [14]. ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 6 მლნ აშშ დოლარს. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა სხვა ასევე კომერციული საბანკო დაწესებულება - „საქართველოს ბანკი“, რომელიც დღეს საქართველოს საფინანსო სისტემის აღიარებული ლიდერია, გაერთიანებული ქართული ბანკი კი ფუნქციონირებს „VTB-ბანკის“ სახელწოდებით.    „გაერთიანებული ქართული ბანკი“  შეიქმნა სააქციო საზოგადოების ფორმით. თუმცა, საწყის ეტაპზე აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს ხელში რჩებოდა. მოგვიანებით ეს აქციები დახურულ აუქციონზე გაიყიდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავდაპირველად სახელმწიფომ გამოავლინა სამართლიანობის პრინციპის დაცვით ბანკების განსახელმწიფოების სურვილი, რაც გამოიხატა მეანაბრეების ყოფილი შემნახველი ბანკის მეპაიებად გადაქცევაში, ხოლო თავად ბანკისათვის საპაიო-კომერციული სტატუსის მინიჭებაში [12]. თუმცა, მოგვიანებით სამი ბანკის გაერთიანების შედეგად აქციების აბსოლუტური უმრავლესობა ახლადშექმნილი კომერციული ბანკის სამი დამფუძნებელი ბანკის ხელმძღვანელების ხელში აღმოჩნდა. ვფიქრობთ, მხოლოდ გულუბრყვილო და საქმეში ჩაუხედავი ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი სწორად და სამართლიანად მოხდა, რამეთუ „ბანკის ხელმძღვანელები ყველაზე უკეთ ერკვეოდნენ საკუთარი ბანკის საქმეებში, იყვნენ საქმის კურსში, იცოდნენ როგორ წარემართათ საქმიანობა, ანუ იყვნენ პროფესიონალები და არ ეშინოდათ მათთვის ნაცნობ სფეროში რისკის გაწევის“[13;გვ.8].

მოსახლეობის ანაბრების ტოტალურ გაუფასურებას და ადამიანთა ფრიად ვიწრო ჯგუფის ხელში მის გადანაწილებას თან მოჰყვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პროპორციის არსებითი ცვლილება. კერძოდ: 1990-იანი წლების დასაწყისში მოსახლეობის  ანაბრებისა და მთლიანი სამამულო პროდუქტის [14] მოცულობა თითქმის ერთნაირი იყო, 1994 წლისათვის კი მათმა თანაფარდობამ შეადგინა 100:11. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშპ აღნიშნული პერიოდისათვის თავადაც სამჯერ იყო შემცირებული [1;გვ.29].

ამრიგად, 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში პრივატიზების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომელთა შესახებაც მიუთითებდა ცნობილი პოლონელი ეკონომისტი ლ. ბალცეროვიჩი: „საკუთრებრივმა გარდაქმნებმა არ უნდა მიგვიყვანოს პარტიულ-სამეურნეო კლანების ფორმირებამდე. პრივატიზაციის პროცესში არ უნდა ჰქონდეთ რაიმე პრივილეგიები მმართველი პარტიის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია, ჩვენ  მივიღებთ კერძო საკუთებას, მაგრამ მას ექნება პოლიტიზირებული სახე“ [15;გვ.42].

შედეგად მივიღეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის „გათავისუფლება“ ფულადი დანაზოგებისაგან, ფინანსური სახსრებისაგან და ადამიანთა ბევრი თაობის მიერ შექმნილი საერთო-სახალხო ქონებისაგან. მეორე მხრივ, განხორციელდა კაპიტალის (ფულის, უძრავი ქონების, ვაუჩერების...) კონცენტრაცია ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ხელში.

აღნიშნული პროცესი შეიძლება ერთგვარად შევადაროთ ინგლისში XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე განვითარებულ ე.წ. „კაპიტალის თავდაპირველ დაგროვებას“.

ეს სახელწოდება ეკუთვნის ა. სმიტს, მისი შინაარსი კი გადმოცემულია კ. მარქსის „კაპიტალის“ პირველ ტომში [16;გვ.789]. მოსახლეობის ერთი ნაწილი აგროვებს სიმდიდრეს, მეორე კი იმასაც კარგავს, რაც ადრე გააჩნდა და არაფერი „რჩება გასაყიდი, გარდა საკუთარი ტყავისა“ [იქვე]. პროცესი წარმოგვიდგება როგორც „თავდაპირველი“, რადგანაც „კაპიტალისა და მისი შესაბამისი წარმოების წესის წინაისტორიას ქმნის“ [იქვე].

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე საქართველოში განხორციელდა კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება, რომელმაც „პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის“ (ვ. პაპავა) წინა ისტორია შექმნა.

დასკვნა

საბჭოთა პერიოდში საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი საბანკო სისტემა, ფულის მიმოქცევა კი მთლიანად კონტროლდებოდა სსრ კავშირის ცენტარლური ბანკის მიერ.

საბანკო სფეროში რეფორმები ზ. გამსახურდიას მთავრობამ დაიწყო. პირველი ნაბიჯები გადაიდგა ჯერ ორიარუსიანი და შემდეგ სამიარუსიანი საბანკო სტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით, მაგრამ სამხედრო გადატრიალებამ შეაფერხა ეს პროცესი.

საბჭოთა კავშირის დაშლით დაინგრა გეგმიანი ეკონომიკა, მოიშალა ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის. ასეთ პირობებში აღმოცენდა ფარული ინფლაცია, რომელიც შემდეგ ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა. საკუთარი დანაზოგების დაკარგვის საფრთხით შეშინებული მეანაბრეები მასობრივად მიაწყდნენ ბანკებს, მაგრამ ვერ შეძლეს საკუთარი ფულის მიღება, ვინაიდან მანეთის ემიტენტი ყოფილი მეტროპოლია - რუსეთი საქართველოს აღარ აწვდიდა ფულის ნიშნებს.

ჰიპერინფლაციამ „შეჭამა“ იმ 13 მლრდ მანეთის უმეტესი ნაწილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში მოსახლეობას ბანკისათვის ჰქონდა მიბარებული, თუმცა, დანაზოგების გარკვეული ნაწილი უკვალოდ არ გამქრალა, არამედ „მარიფათიან“ ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ამ ფაქტს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმდროინდელი მთავრობის უნიათობამ და გარკვეულწილად დანაშაულებრივმა პოლიტიკამ. ამ უკანასკნელის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ბანკის ე.წ. „რბილი“ მონეტარული პოლიტიკა, რომლის საფარქვეშ ეროვნული ბანკი გასცემდა აბსოლუტურად დაუსაბუთებელ უზარმაზარი მოცულობის კრედიტებს. მათი უდიდესი ნაწილი მიედინებოდა „კავკასიის ბირჟაზე“, სავალუტო მანიპულაციების გზით გარდაიქმნებოდა დოლარებად, დოლარები შემდეგ ისევ გარდაიქმნებოდა ჯერ მანეთებად, შემდეგ კუპონებად, ეს უკანასკნელი ისევ დოლარებად და ა.შ. ასე ყალიბდებოდა ინფლაციური სპირალი, რომლითაც მდიდრდებოდა ერთეულები, მაგრამ ღარიბდებოდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ინგრეოდა ეკონომიკა. მოსახლეობის გაღარიბებაში მნიშვნელოვანი იყო ბანკების პრივატიზების როლი. ამ პროცესში ბანკებში არსებული თანხების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი მათი ხელმძღვანელების ხელში აღმოჩნდა.

დღეს სრულიად აშკარაა, რომ პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა არა მხოლოდ „საბაზრო ეკონომიკა“, არამედ „საბაზრო საზოგადოებაც“, რომელიც გამორჩეულია მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური (ქონებრივი, საშემოსავლო) დიფერენიციაციითა და სოციალური უსამართლობის მაღალი ხარისხით. განვლილი თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური დიფერენციაცია კი არ შემცირებულა, არამედ, პირიქით, გაიზარდა და ცივილიზებული, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა საქართველოს დღევანდელი მოსახლეობისათვის მხოლოდ შორეულ პერსპექტივად რჩება.

ლიტერატურა:

  •  Т. Беридзе, Э. Меквабишвили. «Тернистый путь» экономических реформ поскоммунистической Грузии: ретроспектива и перспектива || ეკონომისტი. №1, 2018, ტ. XIV.
  • ი. არჩვაძე. რა ფერისაა მილიარდი? (სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიების კრებული) თბ., 2002.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №747 „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ“ (სტატიის ავტორის პირადი არქივიდან).
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის დანაზოგების გაუფსურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ“ 1992 წლის აგვისტო (სტატიის ავტორის პირადი არქივიდან).
  • ვ. პაპავა საქარველოს ეკონომიკა: რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბ., 2015.
  • საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულბა №250 (1998 წლის 22 აპრილი) „ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში  მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის და მათი დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ (სტატიის ავტორის პირადი არქივიდან).
  • „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 30 აპრილის №112 ბრძანება „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესის შესახებ“ (სტატიის ავტორის პირადი არქივიდან).
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ“ (1992 წლის 22 ივლისი) - (სტატიის ავტორის პირადი არქივიდან).
  • ა. სილაგაძე, მ.თოქმაზიშვილი. პოსტკომუნისტური ფინანსური პოლიტიკა. თბ., 2008.
  • ა. ჯიბუტი. სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგები საქართველოში. თბ., 2012.
  • საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №71 (1995 წლის 21 მარტი) „საქართველოს რესპუბლიკის სააქციო კომერციული ბანკების „საქექსიმბანკის“ შერწყმის გზით ერთ სააქციო კომერციულ ბანკად გაერთიანების თაობაზე“ (სტატიის ავტორის პირადი არქივიდან).
  • საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება (1994 წლის 25 მარტი) „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული ბანკის „შემნახველი ბანკის“ საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნის შესახებ“ (სტატიის ავტორის პირადი არქივიდან).
  • ბანკები და ფინანსები, 2001, №63.
  • ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2014, №1.
  • ლ. ბალცეროვიჩი. სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში, თბ., 2002.
  • კ. მარქსი. „კაპიტალი“, ტ.I. თბ., 1954.